ღალატი მტკიცედ!
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 29, 2019
- 2 min read
Updated: Jul 30, 2019
გუშინ, ბათუმში ოკუპანტის ჩექმის ტრფიალთა შეხვედრა შედგა. რა გასაკვირია და, რუსული მედია აღფრთოვანებულია. მათი თქმით, შეკრებაზე ათობით ათასი მისულა, მაგრამ ძალიან ცხელოდა და ნახევარ საათში დაიშალნენო. საბედნიეროდ, რუსი მედიამომხმარებლისგან განსხვავებით, ჩვენ აქ ვართ და ზუსტად ვიცით, რამდენი ათასი კაცი იყო - ცოტა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ათეულობით ათასი? ასეა თუ ისე, ეს ყველამ ვნახეთ და ვერსად წაუვალთ: მტრის პროპაგანდა ამ შეკრების ამსახველ ფოტოებად თავისუფლებისთვის მებროძლთა ფოტოებს იყენებს - აქციიდან, „სირცხვილია“.

ევროპის მოედნისა და ქალაქის ცენტრის, ზოგადად, მიმდებარე პარკინგების მიკროავტობუსების მიერ სრული „ოკუპაციის“ ამსახველ კადრებიც იყო - მხარდამჭერები ლამის მთელი საქართველოდან ჩაეყვანათ. ამ მონაცემზე დაყრდნობით, და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება თქვას, რომ თუ კი „ალიანსი“ ვინმეს არ შეეკრა, შანსი, რომ პარლამენტში მოხვდეს, მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ბარიერი ნულოვანია.
მაგრამ ეს „შეკვრა“ უთუოდ შედგება, რადგან კრემლის ამფსონებს აწყობთ მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის ფორმირება. არა თუ ფრაქცია.. თუნდაც დიდი, ან 2-3 შედარებით მცირე.. უმცირესობაში ყოფნაც კი, მათთვის დამღუპველია. და დამღუპველია არა იმდენად იმის გამო, რომ კრემლის მხარდაჭერა და ფინანსები მოაკლდებათ, ან რეალური დემოკრატიისა და ხალხის ხელისუფლების პირობებში საციხოდ ექნებათ საქმე.. არამედ იმისთვისაც, რომ ელემენტარულად, გონებრივი კაპიტალი არ აქვთ, რათა რაღაცს ოპოზიცისს მსგავსი მაინც ჩამოაყალიბონ.
კვიციანს გავეშვათ - თავისი გაჭირვებია. ნუ აი, ივარაუდეთ, თუ ვინ იქნება ამ ძალის მთავარი „მოაზროვნე“.. მოკლედ და ელემენტარულად - ოპონირებას ვერ გასწევენ და ისედაც კლოუნადის მონაწილენი, კიდევ უფრო სასაცილონი გახდებიან. მაგრამ ეს სამომავლო ამბავია. ჩვენ, აქციას მივუბრუნდეთ. როგორც წერენ, ძირითადი პროგრამა ინაშვილი-მარშანიას დუეტისა გახლდათ. ზემოხსენებული რუსული მედია, ყველაზე ხშირად სწორედ მათი გამოსვლის ნაწყვეტებს უკეთებს ტირაჟირებას. ვერ ვიტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, მაგრამ დღეს, გათვალისწინებით ვითარებისა, ამ სიტყვებს სულ სხვა დატვირთვა აქვთ:
Мы должны начать прямой диалог с Сухумом, Цхинвалом и Москвой - განუცხადებია ინაშვილს.
შესაძლოა, ეს რუსულ ყაიდაზე „მოქარგული“ ტოპონიმები, მაგალითად Lenta.ru-ს „შემოქმედებაა“, მაგრამ ვის გაგაოცებთ, თუ კი აღმოჩნდება, რომ ინაშვილისთვის Сухум და Цхинвал არც ისე არაქართულია? ქართულ მედიაში, მისი ამ რუსული ოცნების ირგვლივ, უფრო მეტს ვიგებთ, თუმცა ძნელია ამას სიახლე უწოდო:
ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე ოკუპანტია – არ არის ოკუპანტი. ჩვენ, ხალხნო, ქვეყნის გაერთიანება გვინდა, თუ არა?! ამიტომ, უნდა ვიყოთ მტკიცე, უნდა ველაპარაკოთ ცხინვალს, უნდა ველაპარაკოთ სოხუმს, უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს და ყველგან უნდა ჩავიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
ანუ, სხვა ყველაფერს რომ გავეშვათ (მაგალითად, ნეტავ სად მიდის ეს ლაპარაკი?) და უშუალოდ და კონკრეტულად ამ სიტყვათა შინაარს ჩავუღრმავდეთ, ეს ხალხი ამბობს, რომ
ცხინვალსა და სოხუმში მოკალათაბეულ-მოპარპაშენი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციური წესრიგის არადჩამგდებნი საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების რევიზიონისტები და ხალხის ნების პირდაპირი მგობნი ადამიანის უფლებების ფეხქვეშგამთელავნი ეთნოწმენდის შედეგებით კმაყოფილნი ისტორიისა და იდენტობის ბაცაცები..
არიან არა კრიმინალები, არამედ სრულფასოვანი სუბიექტები მოლაპარაკებისა.
ეს ფაქტობრივად, ირიბი აღიარებაა იმ „ახალი რეალობისა“ რომელსაც კრემლი კაცობრიობას ტენის. და ამას გვთავაზობენ საქართველოს გადარჩენის რეცეპტად.
მართალია ეს ჩვენს სამშობლოში არასოდეს უჭირდათ, მაგრამ პირადად მე, მაინც ძალიან, ძალიან მიძნელდება ადამიანს ვუწოდო მოღალატე. მაგრამ ახლა, საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ძალიან, ძალიან რთულია ამის ართქმა და მეტიც - დანაშაული თუ არა, მწარე შეცდომა უთუოდაა.
Comments