top of page

ყველაზე პრიზიძენწი (+videoreplica)

სალომე ზურაბიშვილი უკვე საბრალოა. ჩემი, როგორც ქართველი კაცის მხრიდან, მის ამ მდგომარეობაზე ბევრი საუბარი უღირსობად მიმაჩნია და ამიტომ, ძალიან ლაკონური და თავშეკავებული ვიქნები. გუშინ ევროპის მოედანზე „ევროპის დღე“ ვიზეიმეთ. აი, სწორედ აქ, ამ სადღესასწაულო ღონისძიების პროტოკოლურ ნაწილში გავხდით მისი მორიგი „მარგალიტის“ მომსწრენი.

კერძოდ, მან ბრძანა:

„ასე მოხდა, თუ ასე არის, რომ მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია..“ კლინიკური შემთხვევაა, ხო?



თუ გეოგრაფია ჰქონდა მხედველობაში, მაშინ უნდა ეთქვა, ყველაზე დასავლეთით დაბადებულიო, ხოლო თუ მენტალობა ჰქონდა მხედველობაში.. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპა ისაა, რასაც ეს ადამიანი განასახიერებს? მაშინ, არ გვინდა! ხოლო თუ კი სერიოზულად, ჩვენ გვყავდა მართლაც ევროპული ღირებულებებისა და ცნობიერების მატარებელი პრეზიდენტი და ზურაბიშივილი, მას გააფთრებით ებრძოდა. მასზე გამარჯვება კი, დემოკრატიული ძალების გამარჯვებად გამოაცხადა და არა პუტჩად და ხუნტად, ამ ევროპელმა ამან! გარდა ამისა, აკი ზეზვა და მზიაო და პირველი ევროპელებიო?

ისე, უნდა მოგახსენოთ, იშვიათი კალიბრის იდიოტობაა, რადგან აფრიკის კონტინეტიდან იმიგრირებული პირველი ტალღის დმანისში აღმოჩენილი წარმომადგენლები, „ჰომო ერექტიკუს“-ები (გამართული ადამიანი) გახლდნენ, ხოლო ჩვენ „ჰომო საპიენსი“-ი (მოაზროვნე ადამიანი) ვართ და სახეობათა ევოლუციის თეორიით, ჩვენს წინაპრებად კი მიიჩნევიან, მაგრამ ჩვენი ჰომოსაპიენსური ეპოპეის დასაწყიში კი არა, ზედ შუა გზაზეც კი არ გვქონდა წარმოდგენა იმაზე, რაც იგულისხმება ევროპაში დღეს, გარდა გეოგრაფიისა.


აკი ყველას მშვენივრად მოგვეხსენება, რომ ეს, პირველ რიგში, ღირებულებები და შეხედულებებია, რომელთა ფორმირება და საბოლოო ფორმულირება, ბოლო 200-250 წელი, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა და ამას კონკრეტული ისტორიულ-გეოპოლიტიკური ახსნა აქვს. ამდენად, როდესაც ბახტაძე აცხადებს, წვლილი ჩვენც გვაქვსო, დიდად არ ტყუის, რადგან ოფლი, სისხლი და გონი ბევრი ვხარჯეთ ამ ცივილიზაციის გადასარჩენად, მაგრამ ევროპის, როგორც ღირებულებათა სისტემის კლასიკური გაგებით ფორმირებაში, რაც სწორედ ზემოხსენებული დეფინიციით ისაზღვრება, როგორც ერს, დიდი წვლილი არ მიგვიძღვის და ამის აღიარება, არაა რთული. კალაძეც კი შეძლებდა, წარმოდგენა რომ ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს და დაზეპირებული ტექსტების კოკისპირული ჭირს - ერთი „ისა, რა ქვია..“ თუ ჩაამატა სადმე, დაფასთან მდგარი ის მოსწავლე იქნება, დაზუთხული რომ აქვს და შინაარსისა არა გაეგება. მაგრამ გავეშვათ ბახტაძეს, არაა ეგ მისი ბრალი. და კალაძესაც - ეგ, სულაც, ცალკე ისტორიაა და ის ჯერ ახლა იწყება. ერთი სიოტყვით, სალომე ზურაბიშვილი უკვე ტეხავს. სხვას რომ თავი გავანებოთ, ის ლამის დადასტურებულად არის უცხო ქვეყნის სამსახურში და მისი ადგილი, მე თუ მკითხავთ, არა რომელიმე სავარძელშია, არამედ ნარაზე. აბა ადამიანს ციხე როგორ უნდა უსურვო, ცოტა არ იყოს და შემრცხვა, მაგრამ ახლა, ეს, იმის გათვალისწინებით, რომ საუბარი ქვეყნის ინტერესების ღალატზეა, ყალბ სათნოებად ჩავთვალე და ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა. მოკლედ, სალომეს ქართველი ხალხი უპოვნის ადგილს, ხოლო ისტორიაში მან უკვე მიაგნო.

არ მშურს მისი. ასეთების არავის შურს, როგორც წესი. ბევრს სძულთ კიდეც. მე მებრალება, როგორც თავიდან მოგახსენეთ.

რაც შეეხება ევროპას და ევროპელობას... იმ დრომდე, სანამ დაჟინებით ვუმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ ევროპელები ვართ, მა რა ვართ, არ ვართ ევროპელები! ეს იმას ჰგავს რა, ამავე ფილმსა და ამავე სცენაში, ყარაჩოხლობის ამბავი რომ ირკვევა: - ყარაჩოხელები არა ხართ? - ვა-ართ? - მე ვარ, და შენი არ ვიცი. - ხო, ვართ, ვართ!


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page