შაბიამნის ახალი პარტია
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 2, 2019
- 2 min read
Updated: Aug 3, 2019
ზურაბ ადეიშვილის პერსონას, რაღაც „იდუმალების მოსასხამი“ ყოველთვის სდევდა. საჯარო სივრციდან გაუჩინერებამ, რომელიც ბოლო დრომდე რეალობად რჩებოდა, მისდამი ინტერესი გაზარდა - იმდენად მაინც, რომ მისი და გვარამიას დიალოგის ცქერა ყველამ მოისურვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერვიუ მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა.

სიმართლე გითხრათ, სულაც არ მგონია, რომ ადეიშვილი რაღაც მონსტრია, რომელიც სამყაროზეა გაბოროტებული და ადამიანებზე იყრის ჯავრს. არც ყველა მითისა მჯერა, რაც მომისმენია. თუმცა, ცხადია მას ეს არ ათავისუფლებს ტვირთისგან, რომელიც მხრებზე შემოუგდია. ცხადია, არ ვაპირებ დიალოგის დეტალურ გარჩევას და რაიმე ანალიზს. თავიდანვე, ამ ინტერვიუს შესახებ დაწერას არ ვგეგმავდი, რადგან არ ვიცი რა დატვირთვა ჩადეს მონაწილეებმა, მაგრამ ჩემთვის, ის საინტერესო იყო მხოლოდ ამჟამინდელი პოლიტიკური ქარგის კონტექსტში გახლდათ. და ამ პრიზმაში საინტერესო იყო არა მხოლოდ ადეიშვილის, არამედ ამჟამად „შერისხული“ გვარამიაც. ბევრი არაფერია და მოკლედაც ვიტყვი: ერთი ტენდენცია შევნიშნე, რადგან მოვლენათა განვითარების ამ ეტაპზე, მაშინ, როდესაც დისპოზიციის ფორმირება მიმდინარეობს, ეს ძალიან საინტერესოდ მოსჩანს.
სწორედ და მხოლოდ ამ მომენტის გამო მსურს, ორიოდ რეპლიკის თქმა. მართალია, ოდნავ შესამჩნევ შტრიხად, მაგრამ ინტერვიუს, დასაწყისიდანვე გასდევდა მერაბიშვილისგან დისტანცირების რაღაც „გამოვლინებები“..
„კი, მაგრამ ვანო მერაბიშვილი ვერ მიხვდა..“ - ჩააწოდა გვარამიამ.
„და შენ გადადგებოდი?..“ - ეს, უკვე „სატოპკე“ იყო. ორივე შემთხვევაში, ადეიშვილი ზომიერი იყო, თუმცა ერთგვარი დისტანცირების წყურვილი, მასში მაინც გამოსჭვიოდა.
და უკვე „გახურებულზე“, მან თვითონ გამოიქნია:
„..მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე იმისთვის, რომ შემდეგ, ამის შედეგებთან ებრძოლა.“ საუბარი იმ დანაშაულსა თუ გადაცდომებზეა, რომელთა შესახებაც ყველამ ვიცით და რომელსაც ზოგადი აღწერისას, ბატონმა ადეიშვილმა რუსული ოპერაცია უწოდა. კონტექსტიდან ამოგლეჯად რომ არ ჩამეთვალოს, აი, ეს ციტატა სრულად:
„როდესაც ხდება რეფორმა.. რატომ არის რეფომები ყოველთვის რისკის შემცველი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. რეფორმების მთავარი პრობლემა არის.. რჩება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. და მეორე მხრივ, როდესაც რეფორმებს ატარებს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მანამდე სხვანაირად მოქმედებდა და არ იყო მზად ამის ჩასატარებლად, ბუნებრივია, ის უშვებს უამრავ შეცდომას; მათ შორის, უამრავ გადაცდომას და მათ შორის შეიძლება ჩაიდინოს დანაშაულიც. ის, რომ პოლიციამ შეიძლება ჩაიდინოს ძალადობა, ამისგან დაზღვეული არც ერთი პოლიცია არ არის. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე იმისთვის, რომ შემდეგ ამის შედეგებთან ებრძოლა“
დააკვირდით: მან ამას არა დანაშაული, არამედ შეცდომა უწოდა და ეს ნიშანდობლივია, რადგან ამ კონტექსტში, ყველაფრის შეცდომად თუ გადაცდომად.. ან სადღაც აი, იქ - უკიდურეს შემთხვევაში, დანაშაულად გამოცხადება, მერაბიშვილისთვის ხელის შეწმენდის ერთგვარ შემსუბუქებას ჰგავს. ცხადია, ახლა სრულიად უადგილო სიტყვათა სემანტიკური კვლევა ან ჩხრეკა სტრიქონებს შორის. მარტივად ვთქვათ: შეცდომაა, როდესაც იმ შედეგს არ მიიღებ, რასაც გეგმავდი, ან იმედოვნებდი. ან თუ კი მიიღებ, შესაძლოა უსაფრთხო, თუმცა სხვა, არასასურველი შედეგი დადგეს - აი, ესაა შეცდომა. ჰოდა, მაგ „მეთოდოლოგიით“, რომელიც საბოლოოდ „შეცდომა“ აღმოჩნდა, რისი მიღწევა იყო გულში ამოჭრილი? ეს არ ითქვა.
ახლაც, და ათასი წლის მერეც, ეს არის და იქნება დანაშაული! და თუ რუსულ სპეცოპერაციაზე ვსაუბრობთ, რაც მართლაც ასე გახლდათ და ამაში, უკვე ლამის საათში ერთხელ ვრწმუნდებით, მაშინ იმ „შეცდომამ“ ამ ოპერაციის წარმატება განაპირობა და არც აქაა სადმე დანაშაული?
შესაძლოა, ეს ახლა ყურით მოთრეული ვარაუდია, მაგრამ როგორც ჩანს, „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გზების საბოლოოდ იყრება და ახლა გადაჯგუფებებია. ამასვე მიუთითებს თამარ ჩერგოლეიშვილისა და ნიკა გვარამიას ტალახით გუნდაობა. საბოლოოდ, როგორც ვატყობთ, ჩვენ მაინც საწინააღმდეგოდ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და არა მხარდასაჭერად. და არჩევანი გაკეთდება - ბიძინა წავა. ხოლო ჩვენ..
„ვიგინდარების ახალი პარტია მოიტანეს. არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ“..
Comments