შარდით სავსე აუზი
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 11, 2019
- 1 min read
Updated: Apr 14, 2019
დღეს გავრცელდა და, მგონი ყოველ წელს ვრცელდება თენგიზ კიტოვანის ვიდეო, სადაც ის განმარტავს, თუ სად და რა გზით მოიპოვა შეიარაღება, რამაც გამარჯვება მოაპოვებინა და საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და, შესაბამისად, საქართველოს მომავალი განსაზღვრა. ეს ნაწყვეტია... და ამდენად, ვერაფერს მოვისმენთ რუსი ინსტრუქტორების, ჯაბა იოსელიანის გათავისუფლებისა და შეიარაღებული პარტიების შესახებ. ან, რა საჭიროა - ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ერთი, ეგ ვერ გავიგე, რატომ ვრცელდება ეს ვიდეო მუდმივად სენსაციის „მანტიით“.
აქვე, ერთ ამბავსაც მოგითხრობთ. ესაა, უბრალო მოგონება - ყოველგვარი სიტკბოს გარეშე, ცხადია.
1996 წ.-დან, მაშინდელ „ალიაში“ სასამართლო ქრონიკას ვაშუქებდი, რადგან გახმაურებული პროცესები, რომ იტყვიან, ეყარა.
დიდუბის სასამართლოში თემგიზ კიტოვანს, ირაკლი სურგულაძეს და ერთ ჩრდილოელს, ვინმე ფისიუნს ასამართლებდნენ. რა გსაოცარია და, არა იმისთვის, რისთვისაც კიტოვანის გასამართლება ჯეროვანი იქნებოდა. მის მიმართ, ერთ-ერთი ბრალდება, მაგალითად, იარაღის შეძენა-შენახვა, ტარება გახლდათ და, რეალურად, გამოდის, რომ შევარდნაძის ხელისუფლება, ყოფილ თავდაცვის მინისტრს პრეზიდენტის ნაჩუქარი, სახელობითი იარაღის გამო ასამართლებდა. აბსურდი.
სხდომები საინტერესოც იყო და სახალისოც. ერთ დღესაც, შესვენების დროს, მისი ბიძობა და უნახავობა, გულის თუთქვა და ყრები მოვიმიზეზე, ცხარე ცრემლი „ვღვარე“ და ბადრაგს, რომელსაც გული მოულბა და შემიყვანა, მაშინდელი სუპერგაჯეტით -Sony-ს პატარა დიქტოფონით შევეპარე. ვითომ ბიძა ხარ - მე ასე ვთქვი და გასვლის წინ, ხმამაღლა ვინმესთან მოკითხვა დამაბარემეთქი, შევუთანხმე, ვთხოვე, რადგან სხდომებზე კვლავაც უნდა მევლო და არც ის მსურდა, რომ იმ ბადრაგს თავი სახტად დარჩენილ ვირად ეგრძნო. ინტერვიუ ხანგრძლივი არ იყო, მაგრამ ერთი კი დამამახსოვრდა.
რომ ვკითხე, კაი გავიგე, მაგრამ მაინც აი, როგორ ხსნი, რომ შევარდნაძე, რომელიც გაამეფე, გასამართლებსმეთქი და ასე მიპასუხა: ჩვენ ყველანი ერთ აუზში ვიყავით. ცხადია ყველა შარდავდა მასში, მაგრამ მე, ერთხელაც, ავდექი და „ვიშკიდან“ გადმოიმასვქენიო.
მისი ეს განმარტება.. და აი, ეს ვიდეოაღსარებაც (და ის, თუ რა სახითა და ლექსიკით საუბრობს) მიმყარებს განცდას, რომ რეალურად, მას დღესაც არ ესმის რაში აქვს თავი გაყოფილი.
Comments