ჩაჩიბაიას „ჩარჩო“
- კოტე ნიშნიანიძე
- May 1, 2019
- 1 min read
დარწმუნებული ვარ - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფორისის განცხადება, თითქოს საქართველომ ოთხი ომი გამოიარა და აქედან, სამი მათგანი სამოქალაქო იყოო, ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვურიგდებით აფხაზეთისა და შიდა ქართლის სეპარატისტულ ანკლავებში მცხოვრებთ, მივიჩნევთ მათ საქართველოს მოქალაქეებად და ა. შ.

ამ ნიშნით, გამოდის, რომ ორივეგან მოქალაქენი იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და აბა, სხვა რაღაა სამოქალაქო ომი? - ალბათ ლოგიკა ამგვარი გახლდათ. ახლა მაინტერესებს: მაშ რუსეთი და მისი პროვოცირებული ეს კონფლიქტები, მისი იარაღი, მისი ინსტრუქტორები? რა შუაშია რუსეთი, როდესაც ჩვენ მოქალაქენი დავრეულვართ ერთმანეთს, ხო? აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ჩვენი „მოქალაქეების“ მხარდამხარ, იმავე რუსეთის მოვლენილი კონფედერაციები თუ მსგავსი მავნე გაერთიანებები იბრძოდნენ და თავად ის „მოქალაქენი“, თუ კი ვინმე სასწრაფოდ არაა საოპერაციო, საქართველოს მოქალაქეობაზე სერიოზულად დაფიქრებულან? მოკლედ, ჩაჩიბაია ჩარჩოშია და იმის იქით გახედვა არც ძალუძს და არც სურს. ეს „ჩარჩო“, თუ მისი ამჟამინდელი თანამდებობაა, გამოდის, რომ სარდლად რიგითი კონფორმისტი გვყავს, რომელიც მზადაა თქვას ყველაფერი, რაც შეუნარჩუნებს პოზიციას. გარდა ამისა, თავისთავად ჩარჩო, როგორც ასეთი, შეზღუდვაა. მათ შორის, აზროვნებაში და თუ კი სარდლობაში შეზღუდულად აზროვნებენ, მთლად დავღუპულვართ.
პასუხი ცალსახაა, მაგრამ ოქმისთის, მაინც ვიკითხავ: ხომ არ გვაქვს საქმე მცდელობასთან, რომ საბოლოოდ, რუსეთის, როგორც ოკუპანტის, სახე ნელსაცხებლით ავალაპლაპოთ?
რაღა დაგიმალოთ და, სწორედაც ასე მგონია. და საინტერესოა ასევე, საინტერესოა კითხვა, რომელიც ოპოზიციონერმა მელიამ დასვა: ეს ჩვენი ვეტერანები, იმ თავის სამარცხვინო პენსიას სამოქალაქო ომებში ბრძოლისთვის იღებენ თუ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეობისთვის. ჩემთვის, პასუხი აქაც ცალსახაა, მაგრამ ჩაიჩიბაიას „ჩარჩოდან“ მოჩანს, ნეტა?
Comments