ჩუბინი თედო
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 18, 2018
- 2 min read
თაობათა ცვლა, არამც თუ სპორტში, ცხოვრებისა და ყოფიერების თითმის ყველა სფეროში ავლენს პრობლემებს - ოჯახშიც კი და ეს ყველას გაუვლია.

სპორტში, ეს ყოველივე, მეტად მკაფიოდ, თვალნათლივ ჩანს რადგან გუნდის რეზულტატებითაა გამოსახული.
გახსოვთ იმ დიდი „დინამოს“ ეგ ამბავი?.. смена поколений, смена поколений - ახლაც ჩამესმის ოზეროვისა თუ მასლაჩენკოს სიტყვები, რომლებიც თითქოს სინანულს გამოხატავდა, თუმცა ვერც იმ სიხარულს მალავდა, რაც ამ შოვინისტებს მუდამ ახასიათებდათ. უნდა ითქვას, ეს უფრო ნერვებმომშლელი იყო.
დღეს, ქართულ რაგბიში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და ცხადია, ის საკუთარ თავს ავლენს. აი, სორედ აქ გამოაშკარავდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს შიდა ჩემპიონატს, როგორც მზარდ ტურნირს. წინა წლებში, ვიდრე შიდა ლიგა მწყობრ სახეს შეიძენდა, ლეგიონერების ამარად ვიყავით. მათი გარჯა ახლაც დიდია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მათ ამარად აღარ ვართ, უკვე პოზიტივია. ხოლო ეროვნული ჩემპიონატის ზრდა, მუდმივი სატურნირო დაძაბულობები და სხვა ამგვარნი, განიხილება, როგორც სამჭედლო და არაფერი ახალი, აქ არ მითქვამს. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, „დიდი 10“ რომ არ გქონდეს, რამდენად მტკივნეული იქნებოდა თაობათა ეს ცვლა? საბედნიეროდ, ეს ასე არაა და მეტიც, ეს მტკივნეული პროცესი, რომელიც, ცხადია, გარდაუვალი გახლდათ, დაგვემთხვა სწორედ იმ დროს, როდესაც, თუ კი ამგვარი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, ვინატრებდით. და მართლაც. მსოფლიო თასამდე დარჩენილი დროის ეფექტურად გამოყენება, შეთამაშებისა და ფუნქციური დანიშნულებების დახვეწა - ეს ყველაფერი ჯერ ისევ მოესწრება, მით უმეტეს, რომ ჩანს - პროცესი დაწყებულია. რა გვაქვს ხელთ? ნუ, გარდა იმ „ბებერი ხარებისა“ რომელთა რქანიც ხნავენ, გვყავს მკვირცხლი, აზრიანი და სასარგებლოდ „პატივმოყვარე“ ახალი თაობა, რომელთაც, გარდა უფლისგან დამადლებული ნიჭისა, ურთიერთშეთამაშების გამოცდილებაც დაუგროვდათ და საერთოდ, ეს სხვა რაგბია - სხვა, თვით მიმიკისა თუ მოძრაობის გამოყენებით მიცემული მინიშნების დონეზეც კი. ეს ვნახეთ სამოასთან - აბჟანდაძე-აფრასიძის ტანდემი, სუფთა ჰაერის მძლავრი ნაკადივით იყო - შეტევის მიმართულებათა ცვლა პერმანენტული გახდა, გამოიცვალა ტემპი, იმატა აგრესიამ და არასტანდარტულმა გადაწყვეტილებებმა. რეზულტატიც სახეზეა - მეორე ტაიმში, სამოა სტატისტის როლში იყო, „ბორჯღალოსნებმა“ კი ღონივრად გაილაღეს. თედო აბჟანდაძე ცალკე თემაა - რა ეპითეტები აღარ იხმარეს გუშინ (და მანამდეც, არა ერთხელ) ჩვენმა კომენტატორებმა, მაგრამ მაინც შემოელიათ. როგორც ჩანს, ერთადერთი, რამაც შეიძლება მის შესრულებულ დარტყმას პრობლემა შეუქმნას, ამინდი, სტიქიაა, რომელთანაც ყველანი უძლურნი ვართ. ელემენტარულია - თუ ქარი უბერავს, შესაძლოა ბურთს ფრენის მიმართულება და სიჩქარე უცვალოს. ყველა სხვა შემთვევაში, თუ აბჟანდაძე არტყამს, მას გააქვს და აქ არ აქვს მნიშვნელობა მანძილს და კუთხეს - თედო ჩუბინია, თუ კი ქართულად ვიტყვით, ისე კი, დღეს სნაიპერი დამკვიდრდა. როგორ გგონიათ, ჰეიგი ტონგასთან ჯახს, გუშინდელი მეორე ტაიმის საბრძოლო რაზმით დაიწყებს?
Comentarios