top of page

ძველი მისია დღეს

Updated: Aug 17, 2019

რა გასაკვირია, თუ დღეს დიდგორის ბრძოლის ირგვლივ ვტრიალებთ. მსურს რამდენიმე საკვანძო ცნობასთან დაკავშირებითაც ვთქვა ორიოდ სიტყვა. აღნიშნული ბრძოლის პერიპეტიებზე არა ერთი წყარო წერს. ეს მაშინდელი სამყაროსათვის ამ მოვლენის დიდ მნიშვნელობას ცალსახად მიანიშნებს და ეს ამ რუკაზეც კარგად ჩანს.

ცხადია, XXI საუკუნეში ადამიანთა რელიგიური ნიშნით დაყოფა, სულ ცოტა, სირცხვილია, მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ, რომ იყო დრო, როდესაც სამყარო ამ ნიშნით იყოფოდა და იმართებოდა.

ხშირად გვსმენია და თავადაც კარგად ვხდებით, თუ რა ადგილი, ამოცანა და უნარები გვარგუნა განგებამ იმ დროში, რათა შეგვძლებოდა და შეგვესრულებინა ის, რისთვისაც ეს მიწა-წყალი მოგვბარდა. წარმოდგენილი რუკა კარგად ასახავს ყოველივეს: წითელი ფერით ქრისტიანული სამყაროა აღნიშნული.

საჭიროა საგანგებოდ აღნიშვნა, თუ ვინ იდგა ფრონტის მოწინავე ხაზზე?

მოგეხსენებათ, და ეს წინა ჩანაწერშიც ითქვა, ანტიოქიის კანცლერი გოტიე, ევროპელ ჯვაროსანთა I ლაშქრობის აღმწერი გახლავთ ის პიროვნება, ვინც დავითის სიტყვა შემოგვინახა. სამწუხაროდ, უშუალოდ ქართული წყარო ამასთან დაკავშირებით დუმს და ზოგადად, რომ არა უცხოური წერილობითი დოკუმენტები, ჩვენი ცოდნა დიდგორის ბრძოლის შესახებ, გაცილებით მწირი იქნებოდა - ისტორიულმა ქარტეხილებმა, სისხლისღვრამ, ნგრევამ და ხანძარმა, არა თუ ცალკეული წიგნი, მთელი ბიბლიოთეკებიც კი შთანთქა ალბათ.. „არღარა იყო ნაშენები..“ - წერს ქართველი მემატიანე თემურ-ლენგის შემოსევათა აღწერისას და წერილობით წყაროებს რა გადაარჩენდა?

ისე კი, გარდა დავით მეფის ისტორიკოსისა (ვინაობა უცნობია) და კანცლერ გოტიესი, ბრძოლის შესახებ ცნობებს ვხდებით: იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი - არაბი ისტორიკოსი ქალაქ მაიფარკინიდან

მათე ურჰაელი - სომეხი ისტორიკოსი “ჟამთააღმწერლობა”

მხითარ აირავანცი - სომეხი ისტორიკოსი

იბნ-ალ-ასირი - არაბი ისტორიკოსი ქალაქ მოსულიდან, ერაყი

ვარდან არეველცი - სომეხი ისტორიკოსი

სიბტ იბნ ალ-ჯაუზი - არაბი ისტორიკოსი

იბნ ალ-კალანი - არაბი ისტორიკოსი მაშინდელი საზომით, ჩათვალეთ, რომ ამაზე წერდა New-York Times, Reuters.. გადმოსცემდა CNN და Bloomberg... მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ავტორები მეტნაკლები სიზუსტითა და დეტალურად მოგვითრობენ ყოველივეს, თუმცა არსებობს ცალკეული ფრაგმენტული ცნობებიც. აქვე, მუსლიმთა კოალიციური ლაშქრის რაოდენობასთან დაკავშირებით.

თავად კანცლერი გოწიე 600.000-ს ასახელებს. სომხური წყაროები 400.000-ს. მე ვემხრობი ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთვლილ რიცხვს, 300.000-ს და აქ უშუალოდ მხედრობის გარდა, ლოჯისტიკური სამსახურები, მომსახურე პერსონალი, სურასათ-სანოვაგე და მათი საპალნე, ომის ხაზინა და ამის კაცები, სხვა ვეზირობა დიდი და პატარა, მზარეულები, მეჯოგენი და ვინ იცის კიდევ რამდენი ჩვევისა და უნარის კაცი იგულიხმებოდა..

არ მითხრათ, ცოტა არისო. ;)

საინტერესოა, რომ ქართველი მემატიანე არაფერს ამბობს დავითის ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით. ცნობები დავითის დროშის ქვეშ მდგარი 40.000 ქართველის, 15.000 ყივჩაღის, 500 ალან-ოვსისა და 100 ფრანკი (და არა ფრანგი) რაინდის შესახებ, სომხური წყაროებიდანაა.

არადა, იმ ეპოქის ორ საკვანძო მომენტში, დავითის ისტორიკოსი ზუსტად ასახელებს მისი მხედრობის რიცხვს. 1123 წლის ამბების აღწერისას, როდესაც მტერი შირვანში შეიჭრა, ისტორიკოსი წერს:

„ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ხმა-უყო ყოველთა სპათა თვისთა და უმყის სიტყვისა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა; ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ და იპოვა შემბმელი კაცი ორმეოცდაათი ათასი.“ (ახლაგაზრდა თაობას, ვინც ჯერ სრულად ვერ ფლობს ქართული ენის მრავალწახნაგოვანებას, სიმდიდრეს, ადაპტირებულ ტექსტს ვთავაზობ: ხოლო მას შემდეგ, რაც მეფემ ეს ყოველივე შეიტყო, მხედრობას იარაღის ასხმა უბრძანა და მალევე მთელი სამეფოს სხვა და სხვა კუთე-მხარედან მოვიდნენ მებრძოლნი. მაშინ ყივჩაღები უკვე დათვლილ-დალაგებულნი გახლდნენ და ამიტომ დავითის წინაშე 50.000 მხედარი დადგა)

მეორე შემთხვევა სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანის გათავისუფლებას უკავშირდება. მოგეხსენებათ ქალაქის მესვეურებმა დიდი ელჩობა გამოგზავნეს და მორჩილების ნიშნად და დაცვის იმედით, ქალაქის გასაღებიც ჩამოუტანეს. ისტორიკოსი წერს:

„მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისა მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა..“ (ადაპტირებული ტექსტი: ბოჟანას წყაროს ზედა მხარეს განლაგებული ციხე-სიმაგრეში მყოფ დავითთან ანისის მმართველები, მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლები მოვიდნენ და დავითს ქალაქი გადასცეს. დავითმა იქიდანვე საბრძოლო წვევის ბრძანებები დააგზავნა და მესამე დღეს, 60.000 მხედარი მის წინაშე იყო).

60.000 მხედრის მობილიზება სამ დღეში და თანაც, 900 წლის წინ...

დასასრულ, იმისთვის, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ რა სახელმწიფოები და რა ხალხი გაერთიანდა საქართველოს წინააღმდეგ, ისოტრიკოსის ეს სიტყვებიც კმარა: „სადაღაცა ვინ იყო, დამასკო და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა.." მოუწოდესო.

დამასკოდან ალეპომდე, და ჩრდილოეთით, თუ კი ვინმე მხედრობის შემძლებელი იყოო, გესმით?

სამყარო გამოიცვალა. ტრანსფორმირებულნი ვართ ჩვენც. დღევანდელობა არა თუ იმგვარია, როგორიც 900 წლის წინ იყო, არამედ რადიკალურად განსხვავდება 90 წლისწინანდელისგან და მნიშვნელოვნად შეცვლილია ბოლო 9 წლის მანძილზეც. ასე რომ, დღეს ცოტა რამ თუა იმგვარი, რაც დიდგორის ველზე გასული დავითის მხედრობის წინაშე, მისიის სახით იდგა. მოდით, ახლა ამ რუკას დავაკვირდეთ.

ცხადია, იცანით. კარგი რამ გახლავთ თვალსაჩინოება - არც გონების თვალია სუსტი, მაგრამ ხილული ჯობს. დააკვირდით, კიდევ ერთხელ დააკვირდით საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ წერტილს. თუ კი 900 წლის წინ ჩვენი სამსახური კარის დაცვა იყო, ახლა კარის ფართოდ გაღებაა ჩვენი მისია - საქართველო სამყაროთა ხიდი უნდა გახდეს. ქვეყანა-მოდელი იმისა, რომ ადამის მოდგმათა ამჟამინდელ შთამომავლებს, გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. ეს საქართველოს ახალი მისიაა და ჩვენს პლეადას, თავისი დიდგორი უკვე დაწყებული აქვს.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page