ხაზარაძის პეწი და არამზაობა (+V-Replica)
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 14, 2019
- 3 min read
Updated: Aug 15, 2019
მშვიდად! - ასონიშანი არ გამომრჩენია - სწორედაც არამზაობა, და არა „არამზადობა“. ამჟამინდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, ხაზარაძე არ გახლავთ მზად იმისთვის, რა როლიც ერგო და ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის ნიაღვარია, რომელიც სხვა და სხვა სახითა თუ ლექსიკით, მავან „აქტიურთა“ მხრიდან მოედინება - თათხვის ნიაღვარი და რომელსაც ხაზარაძე უბრალოდ ატარებს. და აქ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაოდენ დახვეწილი იქნება ტექსტი და რამდენად მოქარგული სიტყვა-კაზმულობა - არსიცა და შინაარსიც, ერთია - ხაზარაძე ბნელი ძალაა და „არ გათეთრდების ყორანი, რა გინდ რა ხეხო ქვიშითა“. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ბოლოდე შენარჩუნდება, მაგრამ ახლა, ვაკვირდები რა ყოველივეს, ცნობილი ქართული მულტფილმის ეს მომენტი მახსენდება.
სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მხრიდან ხაზარაძის პოზიციების დაცვა მართებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან დღეს პირადი შეხედულებების დრო არ დგას, ხოლო მე უპარტიო ვარ. ამიტომ, მხოლოდ დაკვირვებების გაზიარებით შემოვიფარგლები. თუმცა, მინდა გითხრათ, მისი ოპონენტების პოზიციათა გაბაიბრუება, დიდად სალაღობო და თავშესაქცევი გახლავთ. ერთი სიტყვით, პარტია თუ მოძრაობა, ჯერ იყო და, იმ განცხადებაში ჩატეულიყო, რომელიც თავიდან გაკეთდა. და მორჩა - არაფერი, სრულიად არაფერი მიუთითებდა, რომ ეს ხალხი რაიმე პოლიტიკურ აქტიურობას გეგმავდა - ან პოზიცია დაეფიქსირებინათ, კომენტარი გავრცელებულიყო, ან ბრიფინგი მოეწყოთ...
რა არ და, რა აღარ ხდება ირგვლივ...
ანდა, რაღა არ ხდება..?
მაგრამ არა! - „არსით ხმა, არსით ძახილი!“.
შესაძლოა, ამას სრულიად ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ ეს ვერ ცვლის ფაქტს - ასეთი პოლიტიკური მოთამაშე ჯერ „საგრიმიოროდანაც“ არ იყო გამოსული, არა თუ „კულისებში“ იდგა. ამდენად, თუ კი ეს ფინტი არ იყო და დუეტი პოლიტიკაში შესვლას მართლაც გეგმავდა, ტემპი იყო უმდაბლესი, რაც ყოველივეს მარცხისთვის წირავდა. დღეს, მეტად ვიხრები აზრისკენ, რომ ხაზარაძე მისდევს პოლიტიკას „ვინც მოითმენს, ის მოიგებს“, მაგრამ ეს, ისევე, როგორ წინა შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს ილუზორული შთაბეჭდილება. ასეა თუ ისე, გუშინ მეგობრების გარემოცვაში მომესმა:
- ვა, გამოჩნდა! მესმის, ახლა ის დგას უცნობ დაზგასთან და ჯერ ყველაფერი ახლაა დასასწავლი, მაგრამ გათვალისწინებით ვითარებისა, ვიმეორებ - ტემპი ძალიან დაბალია. ზოგადად, ქართველ კაცს დაბალი ტემპი ტივზეც არ უყვარს ყოველთვის, მაგრამ კონკრეტულ მოცემულობაში, ეს ტაატი, რასაც ხაზარაძე შედგომია, პესიმიზმით განმაწყობს. დიახ, მე ამ პოლიტიკური ძალის, როგორც ფაქტორის გაჩენა, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს და არა იმდენად კონკრეტულად ხაზარაძის გამო, რამდენადაც საერთო პოლიტიკური ფონის გამრავალფეროვნების, ანუ გაჯანსაღების შესაძლებლობითა და მიზეზით. არც ის გახლავთ გამორიცხული, რომ ეს სიდინჯე, საბოლოოდ სწორი არჩევანი გამოდგეს, მაგრამ ახლა, როდესაც მოვლენები არა თუ ყოველდღიურად, არამედ დღის მანძილზეც კი, რამდენჯერმე იცვლება, ასე ჩუმად ყოფნა, ცუდი მოკავშირეა. ხაზარაძის ბოლო ტექსტი ნახეთ? „კლავს“!

თუ რაღაც არ გამოიცვალა, ყოველგვარ ოპტიმიზმს მუსრს გაავლებს. ეს სოციალური ქსელით ხალხთან საუბარი TrumpStyle არის თუ რა სპორტია? ხაზარაძე უნდა შეეგუოს: სხვა და სხვა, თუნდაც უსაფუძვლო ბრალდებებს რაღაც პასუხი უნდა გაეცეს. გატარება აღარ გამოვა - ბიზნესმენი აღარაა - პოლიტიკოსია. ეს კი ღია სივრცეა და არა დაკეტილი. და თუ რაღაც ახალზე გვესაუბრება, ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი შემოგვთავაზოს. ესეც სიმართლეა: წარსულისა და აწმყოს დაპირისპირებას, მომავლის დაკარგვა ახასიათებს, შედეგად. მაგრამ რასაც დღეს, სწორედ ახლა ვხედავთ.. უკვე სულ უფრო თვალნათელი ხდება ტენდენცია, რომ მომთმენი მოიგებს. ჩემი აზრით, სწორედ ამ ორჭოფით აიხსნება მისი უწინდელი „ბოლომდე ართქმები“. მაგრამ უკვე დღეს, ხაზარაძე, აღწერილ მდგომარეობაშიც კი, ახერხებს გახდეს ფაქტორი. ანუ იმ ვითარებაში, როდესაც მას ჯერ სიის პირველი ათეულიც არ გამოუქვეყნებია, მომავალი მთავრობის ფორმირებაზე საუბრისას, მას უკვე ახსენებენ, უთითებენ.
ეს პეწია.
პეწს, ისევე, როგორც კარგ მანერებს, ვერ იყიდი.
მთავარია ძალა არა მხოლოდ ირწმუნო, არამედ განასახიერო.
არ უნდა გველაპარაკო ისე, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ და უნდა იყო ეფექტურად კონკრეტული. „თავიდან იყო სიტყვა..“ და ასე ღრმად არ წავალ, მაგრამ პოლიტიკაში, საქმის 80%-ს სწორედ იგი აკეთებს და აქ ყველა ფრაზას, ყოველ სიტყვას და მის ადგილს წინადადებაში, აქვს მნიშვნელობა. თვლით, რომ ხაზარაძის ის საჯარო გამოსვლა, სადაც ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლა გამოაცხადა, ან მისი ბოლო ტექსტი, სადაც დასახელება „ღირსეული საქართველო“ გაჟღერდა, შეგვიძლია რაღაც ახლის ათვლის წერტილად მივიჩნიოთ?
არც უმაგისობაა, მაგრამ მხოლოდ ფორმალურობის სიბრტყეში - ის, ვინც პროცესებს საწყისი ეტაპიდანვე აკვირდებოდა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ხვდებოდა, რომ ხაზარაძე იძულებული გახდებოდა, მოსულიყო პოლიტიკაში. დიახ, იძულებული. ის მაქსიმალურად გაურბოდა ამას, თუმცა სულ იტოვებდა ამ „გასასვლელს“. და ამ განცხადების ფორმალურობა სწორედ ესაა - ჩამოიცილა რა ყველა ე. წ. ბიზნეს-სტატუსი, მან, რიგითმა მოქალაქე ხაზარაძემ, რამდენიმე ცალსახად პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ანუ, თუ კი მანამდე მისი განცხადებები პოლიტიკურის გარდა სხვა ელფერსაც ტოვებდა, ახლა მას მხოლოდ ერთადერთი იერიღა ჰქონდა. მოკლედ, თუ ამ პროცესებისგან რაიმე დადებითს უნდა ველოდოთ, ხაზარაძემ დარაბები უნდა გახსნას. დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, მასთან პოლიტიკური კავშირის შესაძლებლობაზე საუბრობს ლამის ყველა. არადა, თავიდან, როგორც სავარაუდო შესაძლებლობაზე, მხოლოდ „ევროპული საქართველო“ საუბრობდა. დროა ხაზარაძემაც დასვას რაღაც მარკერები.
P. S. ღირსება ნივთი არაა, რომ წაართვა ან დაუბრუნო. ასე რომ, კი ნუ დაგვიბრუნებთ, შეგვინარჩუნეთ!
ნახეთ სხვა ჩანაწერი თემაზე: #მამუკახაზარაძე
Kommentare