ხელისუფლება სახელმწიფოს წინააღმდეგ
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 22, 2019
- 3 min read
ახლა, როდესაც „აფექტმა“ გადაიარა, ემოციები დაცხრა და ყველაფერი კიდევ ერთხელ (და არაერთხელ) ვნახეთ, გავიაზრეთ.. როდესაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვლენათა ყველაზე ნეგატიური განვითარება, დრომდე მაინც, ავიცილეთ.. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ ყველაფერს. ჯერ კიდევ დილიდან გვქონდა ეჭვი, რომ საქმე მცირე ჰესის ზომაში არ ეტეოდა და რეალური სურათი (გნებავთ ამბავი), სადღაც უფრო ღრმად იყო - ზედაპირზე მხოლოდ სიმპტომები ჩანდა.

აი ახლა, გამთენიას, სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო ვრცელდება.
ყველაზე თვალშისაცემი ის გახლავთ, რომელიც მწყობრით მწყობრზე მდგართ და ფიზიკურ დაპირისპირებაში მყოფ ადამიანებს ასახავს და აქ, ძალიან სიმპტომატურია სათაური თუ მინაწერი, რომელიც მიაყოლა „ამერიკის ხმა“-მ: „ბრძოლა პანკისში“
ასეთი რამ, მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს - რობოტები აუჯანყდნენ თავიანთ შემქმნელებს. ეს აბსურდული ვითარებაა - ხელისუფლება სახელმწიფოს დამფუძნებელს დაუპირისპირდა. „პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას იწყებენ - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.“ - ეს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, სათაურად გამოყენებული ფრაზაა. როგორია? - ცხადია, ესეც აბსურდული. ანუ, თუ ჰესის მშენებლობას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და საგანგებო დანიშნულების რაზმი ესაჭიროება, რაღა არაა მოსალოდნელი? ყველაფერი მოსალოდნელია, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს ელემენტებთან, რომლებიც, პირველიდან ბოლო კაცამდე, საქართველოს მიიჩნევს გაზონად თავისი სახლის ზრღურბლთან და შეკრეჭს თუ არა, გამარგლავს თუ ცეცხლს მისცემს, მისი საქმეა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფოტოსერია, რომელიც ასახავს მოქალაქეთა და პოლიციელთა ადამიანურ ურთიერთობებს, სადაც დაშავებულ პოლიციელს ჩვენი თანამოქალაქენი უვლიან.
სერია ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნისა და სახელმწიფოსადმი მიდგომის თვალსაზრისით, ხელუსუფლებას და რიგით პანკისელებს შორის უკიდეგანო ხრამია. ეს ფოტოკადრები მკაფიო თვალსაჩინოებაა იმისა, რომ რეალურად, საქმე რამდენიმე ათეული ინდივიდის ხალხთან დაპისრისპრებასთან გვაქვს მხოლოდ და სხვა არაფერთან. ამასვე ცხადჰყოფს ის დამოკიდებულებები, რომლებიც თავად პანკისელებმა სხვა და სხვა ინტერვიუებში გამოავლინეს.
და აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ პანკისში, ლეიბორიტების ლიდერმა მოსახლეობას ყველა ჩვენგანის სათქმელი უთხრა:
გელა მთივლშვილის მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენ შევძელით ყველაფრისთვის თავიდანვე და რეალურ დროში გვედევნებინა თვალყური. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ თავიდან კამფეტებით დახუნძლული 35 პოლიციელი იყო მიმაგრებული, უტიფარი ტყუილია. და გინდაც ასე ყოფილიყო, მაინც არის შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას: და ეს გაძლიერებული დანაყოფები და საგანგებო ტექნიკა ციდან ჩამოვარდა თუ ასე ოპერატიულად როგორ აღმოჩნდნენ იქ?
არ ვიცი რა მდგომარეობაა ახლა, მაგრამ ვინც პანკისის ხეობაში ადრე ყოფილა, მას კარგად მოეხსენება, რომ თელავიდან კი არა, ახმეტიდანაც კი, გზა საკმაოდ ხანგრძლივია. შესაძლოა ახლა იქ ლარივით გზატკეცილი შედის, მაგრამ წლების წინ, არა ერთი კილომეტრი გაუვალ გზაზე უნდა გევლო, ცალკეული მონაკვეთები მდინარის კალაპოტში უნდა გადაგელახა და ესეც, მხოლო საგანგებო გამავლობის ტრანსპორტით. ანუ, დასკვნა, რომ ეს ძალები უკვე მაშინ იყვნენ მზად, როდესაც ჯერ არაფერი ხდებოდა, ლოგიკურია? თავისთავად ფაქტი, რომ თურნავას უწყებამ, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს და არა კერძო ინვესტორს, პოლიცია მოითხოვა, უკვე ნიშანდობლივია - წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო. იგივე „ამერიკის ხმა“ წერილში ამას ასე ეხმიანება: „სრულად აღჭურვილი სპეციალური დანიშნულების რაზმები ეკონომიკის სამინისტროს ინტერესებს იცავდა“. ახსოვს ისტორიას შემთხვევა, როდესაც ხელხელისუფლებას ხალხი, ანუ სახელწმიფოს დამფუძნებელი დაემარცხებინოს? ხაზგასმით - ხელისუფლებას. და არა სახელმწიფოს. მაგრამ, თუ კი აქ დღევანდელი მმართველი ძალის თარგზე გავავლებთ ძაფს და ვიტყვით „სახელმწიფო“, ანუ თუ კი მათი მიდგომით ვისარგებლებთ და ხელისუფლებას სახელმწიფოსთან გავაიგივებთ, სადაც იგულისხმება ცალკეული ინტერესჯგუფები და მათ მიერ შექმნილი სისტემა, მაშინ? მაშინ პასუხი ამგვარია: სისტემას შეუძლია დაამარცხოს, გათელოს ცალკეული მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი, მაგრამ ხალხთან ის უძლურია და უთუოდ დამარცხდება. დღეს, ეს ყველამ დავინახეთ, მაგრამ დაინახა და შეიგნო თუ არა ეს სისტემამ? ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ აქ მან სულ სხვა რამ დაინახა და მინისტრ გახარიას ფრაზეოლოგია, სწორედ ამას მიანიშნებს. ერთი სიტყვით, ცალკეული მედიასაშუალებების „ავ გარჯაზე“ ხმაც რომ არ დავძრათ, ცალსახაა: ეს იყო შეთქმულება! ამას ცხადჰყოფს ცალკეულ პროვოკატორთა ძალიან არასასიამოვნო შეძახილებიც. მაგრამ ვფიქრობ ჯერ გასარკვევია: ეს იყო შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ ეს იყო შეთქმულება ცალკეული თანამდებობის პირების წინააღმდეგ? ასეც დგას საკითხი, ფაქტია. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი და დადებითი (თუ კი აქ რაიმე დადებითის გამონახვა საერთოდ შესაძლებელია) ის გახლავთ, რომ პანკისელებმა დანარჩენ საქართველოს კიდევ ერთელ შეახსენეს, რომ სახელწმიფო, ეს ხალხია. XXI საუკუნეა და სხვაგვარად ვერ იქნება. სახელმწიფო არის არა მონარქი ან რომელიმე ინსტიტუტი, არამედ ხალხი. და ხალხის წინააღმდეგ წასვლა, ავტომატურად სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.
Comments