„ჰაეს? ჩე, ტო. ვრაც!“
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 29, 2019
- 2 min read
Updated: Jul 30, 2019
მოგეხსენებათ, რუსთა და ე. წ. „ბაგრამიანის ბატალიონი“-ს დიდის მეცადინეობით, ხალხი, რომელიც აფხაზად ეწერა და 1989 წლის აღწერით, ავტონომიური რესპუბლიკის მხოლოდ 14%-ს შეადგენდა, დღეს, სტატისტიკით, სომხებს საგრძნობად ჩამორჩებიან. ცხადია, ეს პირველ რიგში დემოგრაფიული სურათის ხელოვნური ფორმირების შედეგია და არც ისაა დიდი საიდუმლო, რომ ამ სურათს, რუსების ხელითა და ეგიდით, სწორედ სომხები ცვლიდნენ. შეგვიძლია, ამით ავხსნათ სეპარატისტული მმართველობის ამჟამინდელი მცდელობა, რომ ე. წ. აფახაზთა რაოდენობა, ხელონურად, ქართველების აფხაზად ჩაწერის გზით გაზარდონ ? კონკრეტულად რას მისცემს ეს მათ, ვერ ვხდები.. ეგებ თქვენ გქონდეთ ვარაუდი.

სხვათა შორის, იმ ხსენებულ 14%-ში, აფხაზური და აფსუური წარმომავლობის გარდა, სხვა ქართული კუთხის შვილებიც შედიოდნენ (მაგ. აფხაზად დაწერილი წერეთელი).
ხომ გახსოვთ, აფსუები, რომლებიც ისევ და ისევ რუსთა მეცადინეობით, მცირერიცხოვან „აფხაზ ერად“ გამოცხადდა, სარგებლობდნენ რიგი პრივილეგიებით - არა ჯარი და ფრონტი, მაგალითად.
ან, უგამოცდოდ უმაღლესი განათლება და დიპოლომი..
და სხვაც.
ჩვენ რომ ხელისუფლება გვყავდეს, ახლა გაათმაგებდა კამპანიას, რომლის მიზანიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეთა ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის სტიმულირებას შეუწყობდა ხელს. პრინციპით, ქართული პასპორტი და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები ყველას, ვინც ინსპირირებულ კონფლიქტამდე სახლობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და მათ შთამომავლებს.
თან ამის საგანგებოდ ხაზგასმით:
ქართული სახელმწიფოს კარი სწორედ გზააბნეული მოქალაქეებისთვისაა ღია და არა მერე ჩათესლებული ბიოერთეულებისთვის
შორს ვარ აზრისგან, რომ ეს რაიმე ხელშესახებ ეფექტს უმალვე იქონიებს, მაგრამ მოვა დრო და ეფექტი იქნება, ეს ნაღდად - ხალხი, რომელიც იქ სულ უფრო და უფრო მოტყუილებულად გრძნობს თავს, რეალურად ჩიხშია და გასასვლელი, როგორც ცხოვრების გაგრძელების ალტერნატიული გზა, სწორედ საქართველოს შეთავაზება უნდა იყოს. ხოლო ეს ხაზგასმა - ინსპირირებულ კონფლიქტამდე - იქონიებს სიგნალის ფუნქციასაც - სიგნალის, რომელიც აღქმული იქნება, როგორც მზაობა შერიგებისთვის. და სულაც ეფექტის გარეშეც რომ დარჩეს ეს შეთავაზება, მაინც გასაკეთებელია, რადგან რაღაცით მაინც დაეტყოს საქართველოს, რომ კიდევ მონაწილეობს რამეში. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, არა თუ ეს ხდება, არამედ, სულაც, უკუპროცესი და ეს მოსაზრება, რომელიც ამ პროცეს აღწერს, ამ ბოლო ხანს, სულ უფრო ხშირად მხვდება. ამდენად, თქვენც გიზიარებთ. ამჟამად მოქმედი ნორმის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია, ვთქვათ, ისარგებლოს უფასო სამედიცინო მომსახურებით დანარჩენ საქართველოში და ამისთვის, თურმე, აფხაზური პასორტის წარდგენაც ჰყოფნის. ცხადია, ამ პროგრამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ თუ კი მასში სეპარატისტული დოკუმენტი მონაწილეობდა, არ წარმომედგინა. ანალოგიურ ვითარებაში, ქართველი ეროვნების მოქალქეს, ვთქვათ გალში, თუ ამგვარი დოკუმენტი არ აუღია და, შესაბამისად, სარგებლობს იქ დამალული და ხიდის აქეთ გამოჩენილი ქართული საბუთით, უფასოდ არაფერი ხვდება. ამბობენ, რომ სამედიცინო სფეროს სხვა და სხვა რანგის მესვეურები, მათგან ითხოვენ აფხაზურ პასპორტს, რათა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. აკი მოგახსენეთ, მოარული ამბავია, მაგრამ აბა გამორიცხავთ? მე ვერა. და რა არის ამის სახელი? არ ვიცი. ვიცი ის, რომ ეს არაფრით უწყობს ხელს რეინტეგრაციას - უფრო პირიქით და საგულდაგულოდ და, ალბათ უკვე საბოლოოდ, აბეტონებს დემოგრაფიულ სურათს. სხვათა შორის, ალბათ თქვენც იღებთ ცნობებს იმის შესახებ, რომ აფხაზეთში აფხაზებსა და სომხებს შორის შავი კატა დარბის. მიზეზიც ვიცით. ასე რომ, ნიადაგი ბევრი სასიკეთო ცვლილებისთვისაა მზად, თუმცა აკლია ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - საქართველოს მტრის ემისრები, რენეგატები მართავენ და არა მამულიშვილები, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებენ და არა კერძო და, მით უმეტეს, ერთი კონკრეტული ინდივიდის ინტერესების შესაბამისად.
P. S. სათაურში გამოტანილი ფრაზის გამართულობაში დარწმუნებული არ ვარ. ასე რომ, თუ შეცდომითაა და შემისწორებთ, მადლობელი დაგრჩებით. ისე კი ასე ითარგმნება: სომეხი ხარ. არა ბიჭო. ქართველი!
Comments